მოსკოვის პოლიციამ სავაჭრო ცენტრებსა და ორ რკინიგზის სადგურში ევაკუაცია განახორციელა

 

მოსკოვის პოლიციაში ანონიმური ზარი განხორციელდა – დანაღმულია სამი სავაჭრო ცენტრი და ორი რკინიგზის, ყაზანისა და კიევის სადგურები. მოსკოვის პოლიცია, შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნულ შენობებს ამოწმებს.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 10 სექტემბრიდან, რუსეთის ტერიტორიაზე,  ანონიმურმა ზარებმა საგრძნობლად იმატა.

რუსული მედიის ცნობით, ზარები უკრაინიდან ხორციელდება. უმეტეს შემთხვევაში  პოლიციას აცნობებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებულია კინოთეატრში, ინსტიტუტში, სავაჭრო ცენტრში, სკოლასა და ა.შ.

ყველა შემთხვევაში პოლიცია ადგილზე გადის და ევაკუაციას ახდენს. საერთო ჯამში ევაკუირებულ იქნა 45 ათასი ადამიანი.