მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ქალაქ ჩერნოვციში გამართულ მიტინგზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, კიევში ჩასვლამდე ის უკრაინის რამდენიმე ქალაქს ესტუმრება. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს

სააკაშვილმა ლვოვში სასტუმრო 13 სექტემბერს დატოვა.

“შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული ოქმი გააცნეს, რომელსაც მან ხელი მოაწერა.

ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.

უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.